8/09/2018

კოპენჰაგენი, დანია (ნაწილი I)


დანია - თანამედროვე არქიტექტურის, LEGO-ს, სასახლეების და თავისუფალი ჰიპების ქვეყანა. კოპენჰაგენი ქართველ მოგზაურებს შორის საკმაოდ დაუფასებელი ქალაქია, ქართულ ენაზეც ცოტა ინფორმაცია მოიპოვება და არც ისე ბევრი ქართველი ოცნებობს იქ მოხვედრაზე, ჩემი აზრით კი ეს ქალაქი ბევრად მეტს იმსახურებს.

Tivoli Gardens
კოპენჰაგენში გვიან ღამით ჩავედი მატარებლით. 20 დეკემბერი იყო და სადგურიდან გამოსვლისთანავე საშობაოდ მორთული ატრაქციონების პარკი Tivoli დავინახე. პარკი რომ საინტერესო ადგილია ეს გიგანტურ თაღსაც ეტყობა რომელიც შესასვლელში დგას, თუმცა 17 ევრო არც ისე კარგი ფასია, მითუმეტეს როცა ეს მხოლოდ შესვლის საფასურია და იქ სხვა ნებისმიერი სერვისის მიღებაში დამატებითი თანხის გადახდაა საჭირო. ზოგადად კოპენჰაგენში ყველაფერი ძალიან ძვირია და თუ ამ ქალაქით სიამოვნებას აპირებთ ფასებზე უბრალოდ არ უნდა იფიქროთ. პარკში შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სახასიათო არქიტექტურულ ფორმებს, რომლებიც ყველა სეზონზე შესაბამისადაა მორთული. შობის პერიოდში ყველაზე მეტად იაპონური კოშკი მომეწონა.
იაპონური კოშკი
ჩრდილოეთის ქვეყნებში ამინდი პრობლემური თემაა, მითუმეტეს ზამთარში. 7 დღე გავატარე დანიაში და მხოლოდ ერთხელ დავინახე მზე ისიც რამოდენიმე წუთით თუმცა იმდენად გავერთე კოპენჰაგენის სანახაობებით მზის ნაკლებობა არც კი გამახსენდებოდა ჩემი გადაღებული ყველა ფოტო ნაცრისფერი რომ არ იყოს.

Strøget
Strøget - ქალაქის მთავარი "შოპინგ ქუჩა" რომელიც მერიის შენობასთან იწყება, ძველ ქალაქს ჭრის და კოპენჰაგენის ძველ პორტთან მთავრდება. ეს ქუჩა ალბათ მთელ ქალაქში ერთადერთია სადაც ხალხმრავლობა იგრძნობა, ზოგადად კოპენჰაგენი ძალიან მყუდრო ქალაქია და აქ ხმაური არასდროს შეგაწუხებთ. მთავარი ქუჩის მიმდებარე შედარებით ვიწრო ჩიხები სავსეა მაღაზიებით ღია კაფეებით და ბარებით. ამავე ქუჩაზეა Nikolaj Kunsthal - ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ყოფილი ეკლესია, რომელიც რამდენიმე წელია საგამოფენო სივრცედ გადაიქცა და გამოფენები ძირითადად პოლიტიკურ თემებს ეხმაურება. ოთხშაბათობით მუზეუმში შესვლა უფასოა, კვირის დანარჩენ დღეებში 10 ევრო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ყოფილი ეკლესიის კოშკში ასვლა არ შეიძლებოდა, იმედია ახლო მომავალში გახსნიან ვიზიტორებისთვის.

Nyhavn
Nyhavn - მე17 საუკუნის პორტი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ფერადი სახლებით, რომლებიც რატომღაც არცერთ ფოტოზე არ ჩანს ისეთი კარგი როგორიც რეალურადაა. კოპენჰაგენში თუ მოხვდებით ამ ადგილს გვერდს ვერ აუვლით, ყველა ტურისტულ რუკაზე განსაკუთრებულადაა მონიშნული და აუცილებლად უნდა ნახოთ. ძველი პორტის ტერიტორიაზე ბევრი სუვენირების მაღაზია და ღია ტიპის კაფეა, ცივი ამინდის და წვიმის მიუხედავად ღია კაფეები მაინც სავსე იყო და მთელი საღამო გავატარე სასიამოვნო დანიურ ატმოსფეროში.  Papirøen - საუკეთესო ადგილი მსოფლიო street food-ის დასაგემოვნებლად სამწუხაროდ დაიხურა და 2021 წლამდე არ გაიხსნება, დახურვის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები გახდა. დარწმუნებული ვარ განახლებულიც ძალიან კარგი იქნება თუმცა ჩემთვის ამ ადგილის ხიბლი სიძველე და ინდუსტრიული გარემო იყო.

Christiania
Freetown Christiania - ქალაქი ქალაქში, ჰიპების დასახლება ქრისტიანია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესოა. დანიელმა ჰიპებმა, ომი სამხედრო ბაზის ოკუპაციით გააპროტესტეს და 70-იანი წლებიდან დღემდე იქ ცხოვრობენ. "ქალაქს" სამი დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ნარკოტიკები, სტენსილები და ცისარტყელები. ქრისტიანია ალბათ დანიის ყველაზე ფერადი ტერიტორიაა, ზამთარშიც კი. ცისარტყელა ლგბტ მოძრაობის გარდა, ჰიპების სიმბოლოცაა - შესაბამისად ფერად დროშებს ქრისტიანიაშიც მრავლად შეხვდებით. მსუბუქი ნარკოტიკებით ვაჭრობა ამ ტერიტორიაზე ლეგალურია და დასახლების მთავარი შემოსავლის წყაროა. ქრისტიანიაში არის რამდენიმე კაფე და ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია, ფასები მთელი ქვეყნის მსგავსად აქაც ძალიან მაღალია.

დანიის პარლამენტი
თუ ქალაქის ცენტრიდან ქრისტიანიაში ფეხით გადაწყვეტთ წასვლას გზად აუცილებლად შეგხვდებათ Christiansborg Palace, ძველი სასახლე რომელშიც დღეს დანიის პარლამენტია განთავსებული. ზაფხულში ირგვლივ ყველაფერი სიმწვანესა და ყვავილებშია ჩაფლული, ზამთარში კი ძალიან ერთფეროვანია, თუმცა მაინც ღირს ნახვა. მე როცა მივედი, იმ დღეს მთელ ქალაქში ნისლი იყო და ეს მუქი ფერის შენობა კიდევ უფრო მისტიურად გამოყურებოდა. ამ ადგილას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ისტორიული მნიშვლეობის შენობა იდგა. სასახლე იმ ფორმით რაც დღესაა 1907 წელს აშენდა. პარლამენტის კოშკი ყველაზე მაღალი წერტილია კოპენჰაგენში და ვიზიტორებისთვის იქ ასვლა უფასოა. ნისლიან ამინდში კოშკიდან არაფერი ჩანდა და შესაბამისად იქ ასვლაზე დრო აღარ დამიკარგავს.

Grundtvigs Kirke
Grundtvigs Kirke - ტურისტებს შორის არც ისე პოპულარული ლუთერანული ეკლესია, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე და არც ისე კარგი ლოკაციის მიუხედავად მაინც მოვახერხე მისვლა. ეკლესია ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორსაა. ექსპრესიონისტული არქიტექტურა მასიურად პოპულარული არასდროს ყოფილა, მითუმეტეს ტაძრების მშენებლობაში, შესაბამისად ამ სტილის სულ რამდენიმე ეკლესია არსებობს დედამიწაზე მათ შორის ყველაზე ცნობილი Hallgrímskirkja რეიკიავიკში, რომელიც ჯერ ვერ ვნახე სამაგიეროდ დანიაში მოვახერხე ამ საოცარი ტაძრის ნახვა. მისი მიმდებარე ტერიტორიაც კი იმდენად სიმეტრიულია ჩემნაირი ფოტოგრაფიის ნიჭის არმქონე ადამიანებიც მარტივად ახერხებენ ლამაზი ფოტოების გადაღებას. ეკლესიის ფასადის გარდა ინტერიერიც საინტერესოა მიუხედავად სიმარტივისა. შიგნით მთელი ტაძარი თეთრია და იქ არანაირი ორნამენტი ან გაფორმება არ დაგხვდებათ. თეთრი კედლები, სვეტები, თაღები და ღია ხისფერი სკამები მლოცველებისთვის, არის რაღაც არაამქვეყნიური ამ ადგილში.

სასახლეების ნაკლებობას მგონი არცერთი ევროპული ქვეყანა არ უჩივის, თუმცა დანიამ მაინც მოახერხა ჩემი გაოცება. Rosenborg Slot - 1606 წელს აშენებული შედარებით პატარა ზომის თუმცა მაინც შთამბეჭდავი სასახლეა, თუ მოახერხებთ და რამდენიმე წუთით დაივიწყებთ ირგვლივ მიმოფანტულ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს და მხოლოდ ამ სასახლეს შეხედავთ, თავი ზღაპარში გეგონებათ. სასახლე ღიაა ვიზიტორებისთვის და საფასური 15 ევროა. ინტერიერის გარდა, დანიის სამეფო ოჯახის სამკაულების და სხვა ძვირფასეულობის ნახვაც შეიძლება. შენობას ირგვლივ აქვს ბაღი, რომელიც ზაფხულში სავარაუდოდ იდეალური ადგილია დროის გასატარებლად, ზამთრის ცივ დღეს კი პარკში გაჩერების სურვილი მე არ მქონია.
Rosenborg Slot
კოპენჰაგენში სანახავი კიდევ ბევრია, ამიტომ გადავწყვიტე ეს ბლოგპოსტი ორ ნაწილად გავყო. მეორე ნაწილში მოგიყვებით იმ სანახაობებზე რომლებიც აქ არც კი მიხსენებია და რომლებიც ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესოა.
გაგრძელება იქნება...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons