11/24/2016

დანტე და ბეატრიჩე

დანტე ალიგიერი - იტალიელი მწერალია. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნავარაუდებია 1265 წელი. დანტეს „კომედია“ მოიაზრება იტალიურ ენაზე შექმნილ საუკეთესო ლიტერატურულ ნაშრომად და მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. ალბათ ამიტომაც იცვალა სახელი დროთა განმავლობაში და იქცა "ღვთაებრივი კომედიად". უზენაეს პოეტს(Sommo Poeta) ანუ დანტეს, ეკუთვნის „ახალი ცხოვრებაც“ რომელიც ჩემი აზრით, მომავალში შექმნილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრის, ერთგვარი წინაპირობაა.

„ახალ ცხოვრებაში“ აღწერილია დანტე ალიგიერის ცხოვრება ბეატრიჩეს პირველი ნახვიდან, მის გარდაცვალებამდე, ნაწარმოების სათაურიც ბეატრიჩეს უკავშირდება, დანტეს ახალი ცხოვრება დაიწყო მაშინ, როცა მან პირველად იხილა ბეატრიჩე. მიუხედავად იმისა რომ ბეატრიჩე თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ ნაწარმოების მთავარ გმირად, იგი არც თუ ისე ხშირად ჩანს ნაწარმოებში როგორც მოქმედი პირი. „ახალი ცხოვრების“ მთავარი ნაწილი დანტეს დამოკიდებულებას ეთმობა ბეატრიჩეს მიმართ, სწორაედ ამ ნაწილებიდან არის მარტივი მისახვედრი იმ დროინდელი კულტურა, სხვადასხვა ტრადიციები, რიტუალები და ა.შ

შუა საუკუნეების დასაწყისისთვის ევროპაში ძალიან პოპულარული და გავრცელებული იყო ე.წ სარაინდო სიყვარული, რომელიც თავის მხრივ არ მოიაზრებდა არაფერ ხორციელს და ეს მხოლოდ მალულ გრძნობას მოიცავდა. სწორად ეს ყოველივე აკავშრებდა დანტეს ბეატრიჩესთან და სწორედ ამ ერთმა, თანამედროვეობის გადასახედიდან რიგითმაა სიყვარულმა განსაზღვრა იტალიელი მწერლის სრული შემოქმედება და ცხოვრებაც კი.

ბეატრიჩე პირველად ნაწარმოების დასაწყისშივე მეორე თავში ჩნდება, აქ ზუსტად ის მომენტია აღწერილი როცა ბეატრიჩე დანტეს ცხოვრებაშიც, ნაწარმოების მსგავსად, პირველად ჩნდება:

"ჩემს მზერად პირველად მოევლინა ჩემი სული დიდებამოსლილი, ქალბატონი, ბეატრიჩედ წოდებული, მრავალთა მიერი."

ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტია ნაწარმოების მთავარი მომენტი და  დანტეს, როგორც რიგითი ადამიანის ცხოვრების, განსხვავებული - ახალი ეტაპის დასაწყისი.

"სიყვარული ისე დაეუფლა ჩემს სულს, რომელიც მყისვე დაეწინდა მას, და ისე დამიმონა იმ ძალის წყალობით, რომლითაც ჩემმა წარმოსახვამ შემოსა იგი, რომ სრულიად შემიმუსრა ნება და მაიძულა, უყოყმანოდ დავყოლოდი მის ნება-სურვილს"

ამ დღის შემდეგ, დანტეს ბეატრიჩე საკმაოდ დიდი ხანი აღარ უნახავს, ზოგადად რომ დავაკვირდეთ ნაწარმოები დაყოფილია ბეატრიჩეს ერთი ნახვიდან, ბეატრიჩეს მეორე ნახვამდე მონაკვეთებად. მართალია ხშირად არის აღწერილი დანტეს ცხოვრება ბეატრიჩეს გარეშეც თუმცა მთავარი და დამაგვირგვინებელი ყოველთვის ყველაფრისთვის ბეატრიჩეს გამოჩენაა.

მეორე შეხვედრა უკვე მოწიფულ ასაკში, რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ამჯერად ბეატრიჩე ესალმება დანტეს.
"გზად მიმავალმა იმ მხარისკენ მომართა თვალნი, სადაც მე ვიდექი შეძრწუნებული, და თავისი ენითუთქმელი თავაზიანობით ისე მომესალმა, რომ მომეჩვენა თითქოს ვჭვრეტდი ყველა საზღვარს სიამოვნებისას... მისი სიტყვები, მაშინ პირველად ეალბუნნენ სასმენელს ჩემსას"

როგორც ნაწარმოების ზემოთხსენებული მონაკვეთიდან ირკვევა ამ დროს დანტემ პირველად გაიგონა ბეატრიჩეს ხმა, ეს მომენტიც ერთგვარი გარდატეხაა, ამის შემდეგ ყოველთვის, როცა დანტეს ბეატრიჩეს ხმა ესმის იგი უბედნიერესი ხდება და ნებით თუ უნებლიეთ ივიწყებს ყოველივე ბოროტის არსებობას.

ბეატრიჩესა და დანტეს გადაკვეთის ერთადერთი წერტილი სალამი იყო, პრაქტიკულად მათ მისალმებაზე უფრო ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, შეიძლება სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო აღიქვამდა დანტე ასე მძაფრად ერთ უბრალო მისალმებას და ეს მისთვის უფრო მნიშნველოვანი იყო ვიდრე ფიზიკური კავშირი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის რაინდული სიყვარული, რომელიც ჩემთვის, როგორც თანამედროვე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მაინც არსებობს ან არსებობდა და უბრალო მისალმება იწვევდა ადამიანთა "გაკეთილშობილებას".

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ნაწარმოები ლოგიკურ დასასრულამდე ბეატრიჩეს გარდაცვალებით მიდის. უგონოდ შეყვარებული დანტესთვის კი ფლორენცია გლახაკს ემსგავსება.

"მას შემდეგ რაც, ეგ უკეთილშობილესი სული ასე მოულოდნელად გაეყარა თავის მშვენიერ სხეულს, ქალაქი ქვრივს დაემსგავს და ოხერს, ყოველგნით ხელაღუპყრობელსა და ყოველი ღირსებისგან განძარცვულს"

მართალია ბეატრიჩეს გარდაცვალების შემდეგ დანტე კიდევ იყო შეყვარებული, რაც აღწერილიც კი არის „ახალ ცხოვრებაში“ თუმცა ბეატრიჩე მაინც დარჩა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. საბოლოოდ ნაწარმოები ერთგვარი ანონსით სრულდება, ანონსით რომლითაც დანტეს ბეატრიჩესთვის უკვდავიების მინიჭება აქვს განზრახული, არავინ იცის დანტეს ჩანაფიქრი ამ დროისთვის იყო თუ არა „ღვთაებრივი კომედია“ თუმცა ეს ალბათ არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია რომ დანტემ პირობა შეასრულა და ბეატრიჩეს უკვდავება მიანიჭა.

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons