1/30/2016

რელიგია პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში

რელიგიური ნაციონალიზმი თავისუფლად შეიძლება შევაფასოდ, როგორც თანამედროვეობისთვის სახასიათო მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალიზმი ჩემი აზრით სეკულარული მოვლენაა და გარკვეულწილად რელიგიას უპირისპირდება კიდეც, თანამედროვე ადამიანებს ფაქტია არ უჭირთ ამ ორი იდენტობით ერთდროულად ცხოვრება. რელიგიური ნაციონალიზმის ნათელ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ირანი სადაც ნაციონალიზმის მთავარი წამახალისებელი ისლამის შიიტური მიმართულებაა. ირანის გარდა საინტერესო მაგალითებია ალჟირი ან თუნდაც ტუნისი სადაც ისლამისტური პარტიები ნაციონალისტური რიტორიკით მთავარი ოპოზიციური ძალებია.

ზემოთხსენებული შესავალიდან ისე გამომივიდა, თითქოს რელიგიის როლი პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მხოლოდ ისლამურ სამყაროშია წამოწეული წინა პლანზე, რაც სამწუხაროდ სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვეობაში ვერ ვიპოვით ქრისტიანულ თეოკრატიას, თუ არ ჩავთვლით ვატიკანს და ამის საპირისპიროთ არაერთი ისლამური თეოკრატიის ნიმუში გვაქვს, ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანულ სამყაროში სეკულარიზმი საფრთხეში არ არის.

ქრისტიანობის სახელმწიფოზე გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით რეალურიც ჟან ჟაკ რუსოს მოსაზრებაა. „სამოქალაქო რელიგიაში“ ყველაზე კარგად იკვეთება ორი საკითხი, ჭეშმარიტი ქრისტიანი შეუძლებელია იყოს კარგი მმართველი ქვეყნისთვის და ნაციონალიზმს რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ამ ორ დასკვნას რუსო და მეც ვაკეთებთ ძალიან მარტივი ქრისტიანული ღირებულებეიდან გამომდინარე. ქრისტიანობა ხომ სულის რელიგიაა და იგი არაფერ ამქვეყნიურზე ორიენტირებული არ არის. ჭეშმარიტი ქრისტიანის სამშობლო არ არის არც რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, იქნება ეს პირობითად საქართველო ან საფრანგეთი და არც მთელი დედამიწა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება დედამიწაზე, ზოგადი საქმეები კარგად მიდის თუ ცუდად, ნამდვილი ქრისტიანი მხოლოდ იმაზე უნდ ფიქრობდეს რომ თვითონ არაფერი დააშავოს, რათა შეძლოს დამკვიდრება სამუდამო სამყოფელში, დედამიწის დროებითი სამყოფელი კი წარმავალი და ხანმოკლეა.

 საქართველოში მოსახლეობის 83.8% ეთნიკური ქართველია, 84% კი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მართლმადიდებელ ქრისტიანად ახდენს. მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს კონკრეტული კვლევა, პირადი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე თამამად ვამბობ, რომ ეთნიკური ქართველების აბსოლიტური უმრავლესობა „ქართველობის“ მთავარ მახასიათებლად სწორედ რელიგიურ კუთვნილებას მიიჩნევს. არამეინსტიმული რელიგიის ადამიანი კი ქართველად არ განიხილება. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ფაქტია რომ იმ გარემოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ქართველი იგივეა რაც მართლმადიდებელი.

საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის რეგიონში სადაც რელიგიის როლი საერო ცხოვრებაში ყოველდღიურად ძლიერდება, ბოლო წლებია იგივე ტენდენცია შეინიშნება ჩვენ მეზობელ თურქეთშიც, რომელსაც სეკულარიზმში ცხოვრების უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა რომ ისლამური თეოკრატია უფრო რეალურია ვიდრე ქრისტიანული მაინც ვთვლი, რომ სამომავლოდ საქართველოსთვის უფრო საფრთხის შემცველია ძლიერი რელიგიური როლი პოლიტიკაში ვიდრე თურქეთისთვის. ამას თავისი რამდენიმე ახსნა აქვს, პირველი ეს არის რელიგიის გაძლიერების მიზეზები: თურქეთში რელიგიის გავლენამ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე იმატა მას შემდეგ, რაც სათავეში მოვიდა არაგაცხადებულად თუმცა რეალურად მაინც ისლამისტური პარტია, რომლის რეიტინგიც უკანასკნელი არჩევნების მიხედვით, საგრძნობლად შემცირდა. ასეთი მთავრობისმიერ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში კი დიდი ეჭვი მაქვს რელიგიის გავლენაც ეტაპობრივად გაქრება საჯარო სივრციდან. საქართველოს შემთხვევა ბევრად უფრო უცნაურია. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ თუმცა ის, რომ მათი ღირებულებები AKP-ს(სამართლიანობისა და განვითარების პარტია თურქეთში) მსგავსად ემსახურებოდა რელიგიის გააქტიურებას პოლიტიკურ ცხოვრებაში, უბრალოდ აბსურდია. რამ გამოიწვია ხალხის ასეთი მოულოდნელი ცვლილება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჩემთვის დაუდგენელია და ლოგიკური ახსნის მოძებნა მიჭირს, სწორედ ამიტომაც მეჩვენება ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხედ რადგან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ჯერ-ჯერობით ეკლესიის რეიტინგის ოდნავი კლებაც კი არ შეინიშნება. მეორე და ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე რაც ავტომატურად მოჰყვება ძლიერ მართლმადიდებულ ეკლესიას საქართველოში, არის რუსეთი. არაერთხელ მომისმენია დავა იმაზე არის თუ არა რუსეთი ერთმორწმუნე, სიმართლე რომ ვთქვა ამ დავის მიზანს ვერასდროს ვერ ვხვდები, რადგან მტრის რელიგიას არანაირი მნიშნველობა არ აქვს მაშინ როდესაც საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტზე. ერთადერთი ფაქტორი რის გამოც მიწევს ყურადღების გამახვილება რუსეთის დომინანტ რელიგიურ ჯგუფზე ეს თავად რუსეთი და იქაური მაღალჩინოსნების რიტორიკაა. რამდენიმე თვის წინ, ჩემთვის უცნობი რუსი პოლიტიკოსის ზედმეტად ამბიციური იდეაც კი ვნახე გაერთიანებული მართლმადიდებლური რესპუბლიკის შექმნასთან დაკავშრებით. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იდეები ჩემთვის უბრალოდ ღიმილისმომგვრელია და სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვფირობ რომ საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ეს იდეა საკმაოდ მომხიბვლელი იქნება. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ გაძლიერებული რელიგიური როლი პოლიტიკურ თუ საჯარო ცხოვრებაში უბრალოდ დემოკრატიის პრინციპებს კი არ უპირისპირდება და აფერხებს მას, მარტივად რომ ვთქვა უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობასაც კი უქმნის საფრთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველო და 70-იანი წლების ირანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან მაინც მინდა რამდენიმე დეტალის გახსენება ირანის თეოკრატიული რევოლუციიდან. მაშინ როდესაც შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, შაჰის დაქვემდებარებულმა ძალებმა რამდენიმე ათასი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს და სწორედ ამან განაპირობა მთელი პროგრესული სამყაროს სიმპათიების რევოლუციონერთა მხარეს გადასვლა, იმ ფაქტზე კი ყურადღება არავის გაუმახვილებია, რომ მთავარი რევოლუციონერი შიიტურ ისლამისტური მოძრაობის ლიდერი აიათოლა ჰომეინი იყო. ასევე გავიხსენებდი ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს, რომელიც ირანის რევოლუციას იმედის თვალით უყურებდა. ის თვლიდა, რომ იმ კრახს რომელიც სეკულარიზმმა განიცადა, ირანის მაგალითით ნელ-ნელა ყველგან სულიერ საწყისებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩაანაცვლებდა. ფუკოს სჯეროდა, რომ სულიერ საწყისებზე დამყარებულ პოლიტიკას ამ შემთხევაში კი ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეეძლო ახალი ტიპის დემოკრატიის დამყარება, რომელიც აჯობებდა წინამორბედებს.


მე არ ვიცი რას იფიქრებდა 80-იან წლებში სეკულარიზმთან დაპირისპირებული, მიშელ ფუკო დღევანდელ საქართველოზე ან თუნდა ირანში თეოკრატიული რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა ერთი რამ კი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი „სულიერ საწყისებზე“ დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად. საერო და სასულიერო ძალაუფლების გამიჯვნა სულაც არ ნიშნავს რომელიმე მათდგანის დაკნინებას, საზოგადოება კი ეკლესიის შეზღუდვის საჭიროებას, მხოლოდ ნამდვილი დემოკრატიის დროს გრძნობს. შესაბამისად სადაც არის აბსოლიტური სეკულარიზმი, იქ ვითარდება დემოკრატიაც და ეს ორი ცნება ჩემთვის ერთმანეთისგან განუყოფელია. 

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons