1/22/2015

პლატონის "მატრიცა"


„მატრიცა“ – 4 ოსკარის მფლობელი, და-ძმა ვაჩოვკსების 1999-2003 წლებში გადაღებული ტრილოგია. ფილმში მოთხრობილია ახლო მომავალზე, სადაც ადამიანთა ნაწილი იგებს რომ რეალობა სინამდვილეში გარკვეული ჯგუფის მიერ მართული ილუზიაა და იწყებს ბრძოლას ამ ილუზიის დასანგრევად. მთავარ როლში კიანუ რივზი, პერსონაჟით ნეო.
„სახელმწიფო“ - ჩვენს წელთაღიცხვამდე 380 წელს, პლატონის მიერ დაწერილი ნაწარმოები. წიგნში მთავარი თემა არის სამართლიანობა. მთავარი მოქმედი გმირი სოკრატე, თავისსავე როლში.

რა კავშირია ამ ორ შედევრს შორის? ერთი შეხედვით არანაირი.

მიუხედავად იმისა რომ კინოინდუსტრია იპყრობს თანამედროვე მსოფლიოს, მე ფილმების მოყვარული არ ვარ და ძალიან ცოტა ფილმი მაქვს ნანახი. მატრიცაც პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე და რომ არა ერთი საკვანძო ეპიზოდი ალბათ ფილმის ყურებას ან შევწყვეტდი ან უბრალოდ არც დამამახსოვრდებოდა მისი შინაარსი.

„მორფეუსი: - შენ იმ ადამიანს ჰგავხარ რომელსაც არაფერი უკვირს, რადგან თავი სიზმარში ჰგონია.
ნეო:  - ასეა...
- ირონიულია, მაგრამ შენი ეს დამოკიდებულება რეალობისგან შორს არ არის. შენ ეჭვი გაგიჩნდა, გარკვევით არაფერი იცი და დარწმუნებული არაფერში ხარ თუმცა გგონია რომ ამ ქვეყანაზე რაღაც ისე არ არის როგორც ყველამ იცის. ხვდები რაზე გესაუბრები?
- მატრიცაზე?
- გინდა გაიგო რა არის ეს? მატრიცა ყველგანაა, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. აქაც ამ ოთახში, ფანჯირდან რომ იხედები მაშინაც ხედავ ან ტელევიზორს რომ უყურებ, ეკლესიაში დადიხარ, მუშაობ, თუნდაც მაშინ როცა გადასახადებს იხდი. მატრიცა თვალებზე გადაკრული ბინდია, სიმართლე რომ არ დაინახო და ხედავდე იმას რაც სხვებს სჭირდებათ...
- რა სიმართლე?
- ის სიმართლე რომ მონა ხარ! და ყველა ადამიანის მსგავსად შენც ბორკილებდადებული დაიბადე, უხილავ ციხეში ანუ გონების საპყრობილეში, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცნობილი არანაირი მახასიათებელი არ აქვს. რთულია სიტყვებით აგიხსნა მატრიცას არსი, ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ როდესაც თავად ნახავ, თუმცა დაიმახსოვრე, თუ ის ერთხელ უკვე ნახე მერე უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. მთელი შენი ცხოვრება რაღაც დაუსრულებელ მისიას ემსახურება, რომლის საბოლოო მიზანიც კაცობრიობის გადარჩენაა თუმცა არა აპოკალიფსის ან რაიმე მსგავსი მოვლენისგან, შენ ადამიანების რეალურ სამყაროში დაბრუნებას შეეცდები იმ სამყაროდან რომელზეც მათ უთხრეს რომ რეალურია. რეალურად ჰომო საპიენსი კი არ იბადება, არამედ მას მცენარესავით ზრდიან, ისეთად როგორიც უნდათ რომ იყოს.“

ამ დიალოგის შემდეგ ბუნერივია გამიჩნდა ეჭვი და ეს ფილმი პლატონის სახელმწიფოს, კერძოდ კი მეშვიდე თავს - „გამოქვაბულის ეპიზოდს“ დავუკავშირე. იმის დასამტკიცებლად რომ „მატრიცა“, „სახელმწიფოს“ ალეგორიაა ვცადე მეპოვნა რაიმე ხელჩასაჭიდი. არაერთი ბლოგი, სტატია, ნიუსი და გადაცემა ვნახე ამ თემაზე თუმცა ვერსად ვიპოვე ფილმის ავტორების ოფიციალური განცხადება სადაც პლატონთან კავშირი იქნებოდა აღიარებული. თუმცა ალბათ არანაირი აღიარება საჭირო არ არის როდესაც ყველაფერი ასე ნათელია და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს „სახელმწიფოზე, როგორც ვაჩოვსკების ინსპირაციის წყაროზე. მართალია ცოტათი არ მესიამოვნა მე რომ არ აღმოვჩნდი ის პირველი ადამიანი რომელმაც ეს კავშირი დაინახა თუმცა ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის. ამ ეტაპზე მინდა გამოქვაბულში მყოფ ყველა ცოცხალ არსებას შესაბამისი პერსონაჟი მოვუძებნო ფილმში და დავაზუსტო ფილმის რომელ განზომილებას რას შესატყვისი აქვს წიგნში.

გამოქვაბულის პირველი და მეორე „სართული“  ერთად, მთლიანობაში ის რეალური სამყაროა რომელიც მორფიუსმა ნეოს აჩვენა. თუმცა თავის მხრივ ესეც იყოფა, პირველი სართული არის ადგილი სადაც „ჰომო საპიენსს  მცენარესავით ზრდიან“. „მცენარესავით ზრდად ჰომოსაპიენსებში“ რა თქმა უნდა იგულისხმება სრულიად კაცობრიობა. მეორე სართულზე არიან ისინი ვინც მათ ზრდის და ვისთანაც შემდგომში ნეოს უწევს შერკინება.

რასაც ფილმში მატრიცას უწოდებენ, ანუ წარმოსახვითი სამყარო რომელიც ყველას რეალური ჰგონია არის ის ანარეკლი კედელზე, გამოქვაბულში, რომელსაც ყველა ხედავს და ყველანაირი ეჭვის გარეში იღებს მას როგორც ჭეშმარიტებას.

მორფეუსი არის ადამიანი რომელმაც ოდესღაც მოახერხა და მოისხნა ბორკილები, მიმოიხედა ირგვლივ და შეძლო „მეორე სართულზე“ ასვლა. ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი გამოეღვიძებინა ყველა ადამიანი, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ყველას გამოღვიძება შეუძლებელი იქნებოდა და თანაც წინასწარ ვერ განსაზღვრავდა მათ რეაქციას რეალობის ნახვის შემდეგ, გადაწყვიტა აერჩია რამდენიმე რჩეული რომელიც დაეხმარებოდა მათ მეორე სართულზე მყოფი „ბოროტების“ დამარცხებაში და ამ გზით მოახერხებდა იგი კაცობრიობის შველას როდესაც თვითონ გახდებოდა მეორე სართულის მკვიდრი.

ტრინიტი, მორფეუსის რიგითი, არაფრით გამორჩეული „რჩეულია“ რომელმაც ნეო აღმოაჩინა და მორფეუსამდე მიიყვანა.
ნეო ფილმში მთავარი და ჩემი ფავორიტი პერსონაჟია, იგი არის ადამიანი რომელმაც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, დადებული ბორკილების მიუხედავად ირგვლივ მიმოიხედა და დაეჭვდა რომ „ამ ქვეყანაზე რაღაც ისე არ არის როგორც ყველას ჰგონია.“ მან დამოუკიდებლად ვერც იმის გარკვევა შეძლო რა ხდებოდა და ბუნებრივია ვერც ბორკილები მოიხსნა, თუმცა რახან ეჭვი გაუჩნდა ეს მორფეუსისთვის უკვე ნიშანი იყო და ნეოც მისი რჩეული გახდა. სწორედ მორფეუსის დახმარებით მოახერხა მან საბოლოო ჯამში ბორკილების მოხსნაც და „მეორე სართულზე“ ასვლაც...

რა თქმა უნდა, ფილმი კომერციული ინტერესის გამო ხელოვნურად გახანგრძლივებულია, ბევრი რამ შეცვლილია ან საერთოდაც გამქრალია თუმცა ეს მაინც არ არღვევს საერთო კავშირს პლატონთან. დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები თუმცა, ის იდეა რომ პლატონი „გამოქვაბულის ეპიზოდში“ ამხელა მასშტაბებზე და ზოგადად კაცობრიობის მართვაზე აკეთებდა აქცენტს რეალურად არ მეჩვენება. მე, მეორე სართულზე უფრო მშობლებს, პოლიტიკოსებს ან თუნდაც ცნობილ ადამინებს მოვიაზრებ, რომლებიც რაღაცას ქმნიან, რითაც სხვაზე შეიძლება ზეგავლენის მოხდენა. თუმცა მიუხედავად ამხელა უტრირებისა, მატრიცა მაინც გახდა ჩემი ფავორიტი ფილმი და ვთვლი რომ „გამოქვაბულის ეპიზოდის“ არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან კარგი ეკრანიზაციაა

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons