3/21/2013

"სექსის გაკვეთილები"


სკოლაში, სწავლის პერიოდში, დაბალ კლასში, მიყვარდა დერეფანში სეირნობა. პარალელურად ვათვალიერებდი ლაბორატორიებს, დირექტორის კაბინეტს, მოკლედ სკოლის ტერიტორიაზე ყველაფერი კარგად მქონდა შესწავლილი. განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის ე.წ სამასწავლებლო იწვევდა, სადაც ბავშვებს არასდროს გვიშვებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველა მასწავლებელი ჩვენზე და ჩვენს „საგმირო“ საქმეებზე  ერთად დებატობდა.

 ძალიან კარგად მახსოვს, მეექვსე კლასში ვიყავი, ტრადიციული ცნობისმოყვარე სახით მივაბიჯებდი დერეფანში. ზემოთხსენებულ სამასწავლებლოში  ბევრი მასწავლებელი იყო შეკრებილი, მოკლედ შეხედვით საინტერესო რაღაც ხდებოდა. მზერა რამდენიმე მასწავლებლის აღშფოთებული სახისკენ გამექცა, სმენა კი მაღალი ხმის ტემბრისკენ. ბევრი დრო არ დამჭირვებია, მალევე გავარკვიე, განათლების რეფორმაზე საუბრობდნენ, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებისთვის „სექსი უნდა ესწავლებინათ“. ყველა იმაზე წუხდა როგორ გაირყვნებოდნენ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ ხელში „ფრთაშესხმული ბარტყები“.

 საბოლოოდ მასწავლებლების ეს აღშფოთება გასცდა სკოლის კედლებს, მთელი ქვეყანა მოიცვა, და ეს „სექსის გაკვეთილი“ საერთოდაც ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან. იმ მომენტში სერიზოულად არც მიფიქრია ამ საკითხზე. ინდეფერენტულად ვიყავი ახალი სასკოლო საგნის არსებობა/არ არსებობის მიმართ განწყობილი, თუმცა მეთორმეტე კლასში ჩემს კლასელს უკვე 2 წლის შვილი რომ ჰყავდა, მაშინ კი მივხვდი რა დავკარგეთ იმ თითქოსდა უწყინარი აღშფოთების შედეგად.

გუშინ მეგობრები ვსაუბრობდით ამ თემაზე და შემთხვევით გავიგე რამდენიმე სკოლაში მოუსწრიათ ერთი წლის მანძილზე ამ გაკვეთილების ჩატარება. საგანს „ჰიგიენა და ეთიკა” ერქვა რომელშიც ბავშვები სწავლობდნენ გარდატეხის ასაკში მიმდინარე ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ცვილებებს, ვენერიულ დაავადებებს, ოჯახის დაგეგმვას, უსაფრთხო სექსს და ასე შემდეგ. როცა ჯერი უსაფრთხო სექსის პარაგრაფზე მივიდა და მასწავლებელმა ბავშვებს კონდომი აჩვენა მშობლებმა, რატომღაც ჩათვალეს რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულ მუშაობაში გადაიზრდებოდა, შესაბამისად  გაკვეთილის კურიკულუმიდან ამოღებაც მალე მოითხოვეს.

სასულიერო პირებმა კი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია მოახერხეს და სექსუალური განათლებაც ქრისტიანობასთან ბრძოლასთან გააიგივეს. „სექსოლოგია ანტიქრისტიანული ძალების პროპაგანდაა, როცა ბავშვს სკოლაში ასწავლიან რა არის პენისი, ფალოსი და ა.შ. ეს ქვეყნიერების დასასრულია“  ამბობს მამა დავით ნოზაძე. თუ დავფიქრდებით მართალიცაა, გაკვეთილზე რატომ უნდა გაიგოს ბავშვა სიტყვა „პენისი“, როცა ქუჩაში შეიძლება იმავე ორგანოს აღმნიშვნელი, უფრო მარტივი სამასოანი სიტყვის ომახიანად წარმოთქმა ისწავლოს, ყველას და ყველაფრის მიმართულებით.

სექსუალური განათლების დაბალი დონე მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ბევრი ქვეყანაა, რომელიც ამ საკითხს კონსერვატიულად უყურებს, უარეს შემთხვევაში კი არც იციან მისი არსებობის შესახებ. სექსუალური განათლების დონეზე კვლევა საჭიროც არ არის თუ გადავხედავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირებულთა რიცხვს კონსერვატიულ ქვეყნებში. აქ აშკარად უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე „სექსუალურად განათლებულ“ ქვეყნებში.

გასულ წელს საქართველოში დაოჯახებულ გოგონათა 18%  არასრულწლოვანია, ამის პარალელურად შტატებში, გერმანიაში ან თუნდაც საფრანგეთში არასრულწლოვანთა ქორწინება თითქმის არ არსებობს. სხვა თუ არაფერი ამის გამო მაინც ღირს დაფიქრება სექსუალური განათლების აუცილებლობაზე. არასრულწლოვნებს გააზრებულიც კი არააქვთ ოჯახის ცნება და ამიტომაც შეუფერხებლად შედიან ქორწინებაში, ამას ვერც აუკრძალავ მათი ნებაა თუმცა თუ მათ ეცოდინებათ რა არის „ოჯახი“ მეეჭვება 15წლის ასაკში ქორწინების სურვილი გაუჩნდეთ.

ა.შ.შ-ს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები რომლებსაც სკოლის პერიოდში მიღებული აქვთ სექსუალური განათლება უმეტეს შემთხვევაში:

1.  ერიდებიან დაუცველ სექსს;
2. აქვთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება;
3. ტოლერანტულები არიან ჰომოსექსუალობისადმი;
4. ლიბერალურად უყურებენ ქორწინებამდელ სექსს;
5. იციან ოჯახის დაგეგმვა;
6. ოჯახებს ქმნიან ზრდასრულ ასაკში, როცა ამისთვის ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად არიან
.
სექსუალური განათლების დადებითი მხარეები უკვე ჩამოვთვალე, უარყოფითი ჩემი აზრით უბრალოდ არ არსებობს. მე როგორც მომავალ მშობელს მინდა, ინფრომირებული შვილი მყავდეს, ძალიან არ მესიამოვნება თუ ჩემი შვილისთვის გამრავლება რაღაც მითიურ კომბოსტოებთან ან წეროებთან იქნება დაკავშირებული. ჩემთვის სულაც არ არის რთული გასაგები ის ფაქტი რომ ყველა მშობლეს თავისი მიდგომა აქვს საკითხისადმი, ყველას ურჩევნია თვითონ აკონტროლოს საკუთარი შვილის განათლების დონე ამ სფეროში.  მე შემიძლია შვილს მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნა ეს ყველაფერი, თუმცა მეეჭვება ყველა მშობელმა შესძლოს იგივე, თანაც მშობლების საკითხში კომპეტენტურობის არანაირი გარანტია არ არსებობს. გარდა ამისა ბავშვში მშობლისგან უბრალოდ „სექსის“ ხსენებაც კი უხერხულობას იწვევს და ამიტომ სჯობს ეს ყველაფერი ისევ სკოლაში, რიგითი გაკვეთილის ფორმატით შეიტყოს და რაც მთავარია, არა დამამთავრებელ კლასში, როგორც ამას ბევრი ითხოვს, უფრო ადრეც მანამ, სანამ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებენ და არასასურველი ორსულობა შეაწუხებთ...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons