2/24/2013

პავლე მოციქული

წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანულ რელიგიაში ქრისტეს ერთ–ერთი მოციქულია. იგი იყო ებრაელი, კერძოდ ბენიამინის ტომიდან დაიბადა ქალაქ ტარსუში, რომელიც ამჟამად თურქეთს შემადგენლობაშია,  და ითვლებოდა რომის მოქალაქედ. მოციქულად წოდებამდე მას სავლე ერქვა. მისი რელიგია იყო ებრაული რჯულის ერთ–ერთ განშტოება ფარისევლობა რომელიც თავისი იდეოლოგიით ყველაზე ახლოს იდგა ქრისტიანობასთან.  საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, იმდროინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. იგი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და შეიძლება ითქვას რომ მისი სახით ჭეშმარიტი მორწმუნე მივიღეთ,– როგორც ფარისეველი.  

პავლე გაქრისტიანებამდე ქრისტიანობის ერთ–ერთი აქტიური მდევნელი და მოძულე იყო.  ამას ადასტურებს არაერთი ადგილი ახალი აღთქმიდან. 

მაგ:
„სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭერდა სახლებში და ძალიათ გამოჰყავდა დედაკაცები და მამაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ“ – (მოციქულთა საქმეები 8,3)

პავლეს ცხოვრებაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს სტეფანეს წამება, იგი იყო პირველი ადამიანი რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ქრისტიანობისთვის გაწირა, რის გამოც მას დღეისათვის უწოდებენ სტეფანე პირველმოწამეს. მართალია პავლეს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია სტეფანე პირველმოწამის წამებაში თუმცა იგი გულმოდგინედ ადევნებდა თვალ–ყურს ამ ყველაფერს.

„ქვას რომ უშენდნენ სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო მიიბარე ჩემი სული“ – (მოციქულთა საქმეები 7, 59)

„მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და განისვენა" – (მოციქულთა საქმეები 7,60)

სტეფანე პირველმოწამის ეს სიტყვები დაახლოებით იგივეა რაც იესო ქრისტეს სიტყვები ჯვარცმის დროს: „ღმერთო შეუნდე, რათა არ იციან რასა იქმან“
პავლე მოციქული პირველად ამ სიტყვებმა დააფიქრა თუმცა, მასზე დიდი გაავლენა არ მოუხდენია და ეს არ ყოფილა მისი გაქრისტიანების მიზეზი.

იერუსალიმში სასტიკი დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში და დამასკოში გაიხიზნნენ. ამ ყველაფრისგან გაბრაზებულმა პავლემ მღვდელმთავრისგან გამოითხოვა ნებართვა, რომლის მიხედვითაც მას ქრისსტიანების ნებისმიერ ადგილას დატყვევება და იერუსალიმში მათი უკან დაბრუნება შეეძლო.

„და სთხოვა ბარათები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე მდგომს, მამაკაცებს თუ დედაკაცებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში“ – (მოციქულთა საქმეები 9,2)

დამასკოს მიახლოებულ პავლეს ზეციური ხილვა ჰქონდა, როდესაც მან კითხვით მიმართა გამოცხადებულ იესოს მან უპასუხა, რომ კითხვებზე პასუხს დამასკოში შესვლის შემდეგ მიიღებდა. პავლემ სცადა გზისს გაგრძელება თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მან მხედველობა დაკარგა. პავლე მოციქული დამასკომდე თანმხლებმა პირებმა მიიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი იგი ანანიამ მონათლა, რის შემდეგაც მას მხედველობა დაუბრუნდა. ამ ყველაფერზე „მოციქულთა საქმეების“ გარდა რომელიც, პავლეს მოწაფის ლუკას დაწერილია, საუბარია გალატელთა მიმართ ეპისტოლეში სადაც თავად პავლე მოციქული საუბრობს:

„მეც არ მისწავლია და მიმიღია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით“ – (გალატელთა მიმართ 1,12)

ნათლობის შემდეგ პავლე ბუნებრივია ხდება ქრისტიანი, თუმცა იგი მაშინვე არ იწყებს ქადაგებას. თავდაპირველად მან არაბეთში გადაწყვიტა წასვლა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა ქრისტიანობის საქადაგებლად. შემდეგ კი მოციქულებთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა. იერუსალიმიდან პავლე დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქს და შეისწავლა საეკლესიო საქმეები, ამაში მას ბარნაბა მოციქული ეხმარებოდა.

ამის შემდეგ პავლე უკვე მზად იყო ქრისტიანობის საქადაგებლად და მანდ დაიწყო თავისი ცოდნის გავრცელება. ბუნებრივია ეს ფაქტი იმდროინდელ რომში მიუღებელი იყო და საბოლოოდ პავლე კესარიაში შეიპყრეს სადაც იმპერატორ  ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავის მოკვეთა სიკვდილით დასჯის ერთ–ერთ მსუბუქი ფორმა იყო, პავლე ამის „ღირსი“ მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ რომის მოქალაქედა იწოდებოდა რაც იმდროინდელ რომში ერთგვარ პრივილეგიად ითვლებოდა. იგივეს ვერ ვიტყვით პეტრე მოციქულზე რომელმაც ჯვარზე გაკვრით დაასრულა სიცოცხლე.

პავლე მოციქულს ეკუთვნის ახალ აღთქმაში შესული 14 ეპისტოლე.

პავლე იყო ის ადამიანი, რომელიც გაქრისტიანებამდე დევნიდა ქრისტიანებს, და შეიძლება ითქვას რომ იგი გვიან ეზიარა ამ რელიგიას, მიუხედავად ამ ყველაფრისა იგი ერთ–ერთი მათგანი იყო ვინც ზუსტად გაიაზრა და შეიცნო ჭეშმარიტება. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელებაში, რადგან სხვა მისი თანამედროვეებისგან განსხვავებით იგი არამარტო ებრაელებთან ქადაგებდა ქრისტიანობას არამედ წარმართებთანაც.

პირველი მოგზაურობის დროს პავლემ მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. ამის შემდეგ იგი მისი მოწაფის ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტიანობის გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და გააძლიერა მანამდე არსებული. წმიდა პავლე მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო.  არცერთ მოციქულს არ გაუვლია ისეთი რთული გზა როგორიც განვლო პავლემ, ამის შესახებ იგი თავად ჰყვება კორინთოელთა მიმართ ეპისტოლეში .

„ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
სამჯერ კვერთხითა მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე. ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი.
მრავალჯერ მოგზაურობაში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის.
შრომასა და გაჭირვებაში, ხშირ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხულობაში ყინვასა და სიშიშვლეში“ – (კორინთოელთა მიმართ 11, 24–27)

პავლე მოციქულმა მოახდინა ძველი აღთქმის წიგნების ერთგვარი ახლებური გააზრება, პავლე ცდილობდა ხალხი გამოეყვანა ცოდვებისაგან და ეჩვენებინა მათთვის ხსნის გზა. პავლეს ხედვით მოსემ თუ ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტელთა ტყვეობისაგან, ქრისტეს ზოგადად კაცობრიობა გამოჰყავს ცოდვების ტყვეობისაგან. თუ მანამდე ადამიანები ვალდებულნი იყვნენ დაბადებიდან მერვე დღეს გაკეთებნიათ წინადაცვეთა, ისევე როგორც ეს იესო ქრისტემ გაიკეთა, მოსემ ხალხს მიანიშნა ამ ჩვეულების უმნიშვნელობისკენ. რეალურად წინდაცვეთა გულისხმობდა ცოდვების გამოსყიდვას, რაც უკვე ნათლობით იყო შესაძლებელი, რომელიც წინადაცვეთაზე ბევრად უფრო ღირებული დოგმაა ქრისტიანობაში. ცოდვების ჩამოშორება რეალურად შესაძლებელია მხოლოდ ადამიანების მიერ ქრისტეს გააზრებით, რასაც წინადაცვეთას არანაირად არ მოიცავს, ეს ნათლობითაა შესაძლებელი. 

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პავლე მოციქულის გარდა წინადაცვეთას აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ ქრისტიანთათვის, სხვა მოციქულები. პირველად პავლეს დაპირსპირება ამ საკითხზე მოუხდა რამაც გამოიწვია იერუსალიმში სამოციქულო კრების ჩატარება.  პავლეს პოზიციის მიხედვით როდესაც უკვე დედამიწაზე მოვლენილი იყო ქრისტე, აღარ არსებობდა მოსეს რჯულის წესჩვეულებების დაცვის საჭიროება. ამასთანავე მოსეს რჯულის თუნდაც ყველა წესის აღსრულება ვერ განაპირობებდა ადამიანის სულის ცხონებას. მოციქულთა კრება პავლეს პოზიციის „გამარჯვებით“ დარულდა და ამის შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის ახლებური ქადაგება.

„ახლა კი რჯულთათვის მკვდრები გათავისუფლდით მისგან,  რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი“ – (რომაელთა მიმართ 7,6)

პავლე მოციქულის მიერ ძველი აღთქმის ახლებური გააზრება ბუნებრივია მხოლოდ წინადაცვეთას არ მოიცავს.

„მაშ რაღას ვიტყვით ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვერც გულის თქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არა ისრუვო“ – (რომაელთა მიმართ 7,7)

პავლეს ამ სიტყვებში ნაგულისხმებია განსხვავება ადამიანის სურვილსა და ქმედებას შორის. ერთია როდესაც ადამიანს აქვს სურვილი ჩაიდინოს ცოდვა თუმცა ამას არ აკეთებს სარწმუნოების გამო, მეორე კი ის როცა ადამიანს არც უჩნდება ცოდვის ჩადენის სურვილი.
პავლე მოციქული და მასთან ერთად იოანეც იყვნენ ისინი ვინც პირველად იესო ქრისტე აღიქვა რეალურად, ანუ აღიარა ღმერთად/ღმერთის თანასწორად. სხვა მოციქულთა ქადაგებებში იესო ყოველთვის უფრო მაღა დგას ვიდრე ჩვეულებრივი წინასწარმეტყველები თუმცა მისი ღმერთად მოხსენიების პრეცედენტი მათ არასოდეს შეუქმნიათ.

თუ სხვა საკითხებში პავლე მოციქული ახლებურად ახდენდა ძველი აღთქმის ინტერპრეტირებას, ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში მისი პოზიცია არანაირად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს მოსაზრება ამ საკითხის შესახებ თანამედროვეობისთვის საკმაოდ მიუღებელი და არაჰუმანურია, პავლე იყო პირველი ვინც ახალ აღთქმაში ჰომოსექსუალობის საკითხი საერთოდ მოიხსენია, რაც კიდევ ერთხელ ხას უსვამს მის გამორჩეულობას.

ზოგადად რომ შევაჯამოთ პავლე მოციქულმა ერთმანეთისგან გამიჯნა რელიგია, ტრადიციები და სხვა საზოგადოების მიერ კონსტრუირებული წეს–ჩვეულებები.  თუ ადამიანი რელიგიას აღიარებს უნივერსალურ ჭეშმარიტებად, მას აღარ უნდა სჭირდებოდეს სხვადასხვა მიწიერი ქმედებები, როდესაც ეს ხდება იკარგება ნამდვილი რწმენა და ხდება მხოლოდ რიტუალების წინ წამოწევა, რაც თანამედროვე მორწმუნეების მთავარი პრობლემაა და ფაქტია მათ სჭირდებათ ერთი პავლე მოციქულის მსგავსი ადამიანი ან მისი ეპისტოლეების კარგად გააზრება, თუმცა ეს უკვე სხვა  თემაა...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons