11/06/2012

კანდიდატობის კანდიდატები


2012 წლის 21 სექტემბერს გახმაურებული „ციხის ამბების“ შემდეგ, იმ დროინდელი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა, ამის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო „უომბუდსმენობის“ ხანა.

ბოლო დროს თითქოს ჩვევაში გადამეზარდა, ყველაფერზე რაღაც ასოციაცია მიჩნდება და ორ ერთმანეთსგან სრულიად განსხვავებულ მოვლენას ერთმანეთთან ვაკავშირებ. აი მაგალითად ამ მომენტში როცა ქვეყანა უკვე 1 თვეზე მეტია სახალხო დამცველის გარეშეა დარჩენილი მე13 საუკუნე და ე.წ „უმეფობის ხანა“ მახსენდება. ნუ ეს ჩემი ასოციაციობანა დიდად საგანგაშო არაა თუმცა გუშინდელმა შეხვედრამ სახალხო დამცველობის კანდიდატებთან ისტორიის განმეორებაზე დამაფიქრა. ვინ იცის იქნებ მალე ქვეყანაში „ორ–ომბუდსმენობის ეპოქა“ დაიწყოს.

„ჩვენ გვინდა გავექცეთ იმ მავნე პრაქტიკას როცა სახალხო დამცველს ირჩევდა ერთი ვიწრო ჯგუფი ისე, რომ არ ეთათბირებოდა საზოგადოებას და სწრაფად ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება.“ აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

არ ვიცი გასულ წლებში ხდებოდა თუ არა სახალხო დამცველის არჩევა პოლიტიკური ნიშნით თუმცა ეს ამ მომენტში დიდად არც მაინტერესებს. აბსოლიტურად მივესალმები იმ ფაქტს რომ საზოგადოება პირველად ამ ხნის მანძილზე აშკარადაა ჩართული ომბუდსმენის არჩევის პროცესში თუმცა ჩემთვის აბსოლიტურად გაუგებარია რატომ აჭიანურებს პარლამენტი აქამდე გადაწყვეტილების მიღებას.

წარმოდგენილი 4 ძირითადი კანდიდატიდან რომელიმეზე იმის თქმა, რომ ის საზოგადოებისთვის უცნობია უკვე სისულელე მგონია. ამ მხნის მანძილზე არაერთი დისკუსია თუ სტატია ვიხილეთ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესახებ. თუ ვინმეს ეს არ უნახავს კონკრეტულად მისი პრობლემაა და არა რომელიმე კანდიდატის ფარულობა.

არ ვაპირებ ამ პოსტში კონკრეტულად განვიხილო ყველა კანდიდატი თუმცა მინდა რამდენიმე მათგანზე ორიოდე სიტყვა ვთქვა. აზრი მეტნაკლებად ჩამოყალიბებული ყველა მათგანზე მქონდა თუმცა გუშინდელმა შეხვედრამ ჩემი აზრების ფორმულირებაზე მცირე ზეგავლენა ბუნებრივია მოახდინა.

პირველი და ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა გუშინ თსუ–ს სტუდენტმა დასვა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან“ დაკავშირებით. გელა ნიკოლაიშვილისა და ლია მუხაშავრიას პოზიცია ამ თემაზე ცოტა არ იყოს ბუნდოვანი მეჩვენა, ალბათ ერიდებიან საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მიუღებელი განცხადების გაკეთებას, ანუ საზოგადოებაში გავრცელებული ენით რომ გითხრათ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს. სამაგიეროდ ბატონი ლორთქიფანიძე ყველანაირი მორიდების გარეშე ღიად და აშკარად ცდილობს ექსტრემისტი სეგმენტის გულის მოგებას რაც გამოიხატება ისეთ ფრაზებში როგორიცაა მაგალითად ის რომ „მმკ საოგადოებას იცავს“. არ ვიცი როგორ ესმის ბატონ დიმიტრის სიტყვა „დაცვა“ თუმცა ყველა მკითხველს სათითაოდ შემიძლია გარანტია მივცე, რომ ძალადობა და ან შეურაცხყოფა დაცვა არ არის.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ხდებოდა აპელირება ისეთი საკითხებით როგორიცაა მაგალითად ქვეყანაში ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონება. ამ დრომდე გაუგებარია ჩემთვის რატომ გადაწყვიტა ბატონმა ლორთქიფანიძემ ამ თემის ასე საჯარო განხილვა და მითუმეტეს ღია უარყოფა, როცა ამის მოთხოვნა ჯერ საჯაროდ არავის დაუფიქსირებია. ის რომ ქართველობას გვართმევენ და ნელ–ნელა გვაპარებენ „გარყვნილობებს“ ჩემთვის არგუმენტი კი არა უბრალო ბოდვაა. კანონპროექტში ცვლილების შეტანა არც სახალო დამცველის ვალია და არც რაიმე მსგავსი, შესაბამისად კონკრეტულ მომენტში ამ თემას რაღაც მიზეზების გამო შეგნებულად და ხელოვნურად გააქტუალურებულად ვთვლი. არაფრის გარანტიას არ ვიძლევი თუმცა სუბიექტური აზრი რომ გითხრათ კიდევ ერთ პოპულისტურ  სვლასთან გვაქვს საქმე.

დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლის უდიდესი ნაწილი გაჯერებული იყო პათოსით. რაღაც მომენტში „პროფილიც“ კი გამახსენდა და ლამის ცრემლის მოსაწმენდად დახმარებაც ვითხოვე. ერთ–ერთი ასეთი ტონის წინადადება კარგად დამამახსოვრდა: „მე იმისთვისაც კი ვარ მზად რომ უმცირესობების საკითხს შევწირო ჩემი სახალხო დამცველობის კანტიდატურა, და უარი ვთქვა ამაზე“ ამ დროს დარბაზიდან მცირე შეძახილები გავიგონე „უარი თქვი“ „წადი“.  ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ მეც ვეთანხმები ამ შეთხვევით გაგონილ წამოძახილებს, ბატონ ლორთქიფანიძეს კი მეგობრული რჩევას მივცემდი ამ პოსტზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

საუბარი ისე გამოგრძელდა მგონი მთავარი სათქმელი დამავიწყდა. მე როგორც უბრალო მოქალაქე რომელიც არ იცნობს პირადად არცერთ სახლახო დამცველობის კანდიდატს, რომელიც დასკვნებს კონკრეტული ფაქტებიდან აკეთებს და რომელიც თვლის რომ სახალხო დამცველი პატიმრების გარდა სხვა ადამიანებსაც უნდა იცავდეს, მხარს ვუჭერ თამარ გრუჩიანს. სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ იგი ერთადერთია ამ კანდიდატებიდან რომელიც ყველა დებატის დროს მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და არ ცდილობს მისი კონკურენტების დაკნინებას რაღაც გამოგონილი თუ არასწორად გააზრებული ფაქტებით.

მე როგორც დილეტანტი ამ საკითხში, უბრალო, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან გეტყვით ჩემ სუბიექტურ აზრს: საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა პარლამენტი ომბუდსმენის არჩევის პროცესში. ომბუდსმენის ერთ–ერთ ძირითადი მოვალოება ხომ მთავრობის კონტროლია და რატომ აირჩევს უმრავლესობა ამ თანამდებობაზე ძლიერ კანდიდატს? ასეთ მომენტში ჩემთვის უფრო ვალიდური არასამთავრობო სექტორის პოზიციაა რომლის უდიდესი ნაწილიც ღია მხარდაჭერას უცხადებს თამარ გურჩიანს.

ბოლო დროს გაურკვეველი ინტერესების მქონდე პირები მართალია ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დეგრადაციას და გრანტიჭამიებად გამოცხადებას თუმცა ეს ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ სირცხვილია და არაფერი სხვა, მაშინ როცა ძლივს როგორც იქნა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება.

ჰომოსექსუალობის პროპაგანდა/რეკლამირებას რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის სიტყვების ციტირებას გავაკეთებ და აქვე დავასრულებ:

„ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოვიდეს და თქვას ვინ არის, მე რომ ვარ ლევან ბერძენიშვილი თუ ეს ნიშნავს რაღაცის რეკლამირებას, ამის გამო მე თენგიზი ვერ გავხდები, მე არ მიმაჩნია არავის მხრიდან თავისი უფლებებისთვის ბრძოლა რეკლამად ან ვიღაცის გადაბირების მცდელობად.“



Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons