5/14/2012

ანდერძი



მახსოვს, რამდენიმე თვის წინ მიყოლებით იწერებოდა ბლოგებზე ანდერძები. ყველა ყვებოდა რომ მომკვდარიყო საკუთარი ნივთებიდან რომელ ბლოგერს რას დაუტოვებდა. მაშინ დაწერა დამეზარა და მინდა ახლა დავწერო ჩემი ბლოგერული ანდერძი...


ნუ პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პირადად ჩემ კუთვნილებაში არც ისე ბევრი რამაა და იმას ვერ გავაჩუქებ რაც სხვისია :დ

პირადად მე მეკუთვნის: ნეტბუქი, აი პოდი, მობილური ტელეფონი, ბლოგი, ექაუნთები სოც ქსელებზე, ფერადი მაისურები, წიგნები და მგონი მეტი არც არაფერი :დ


1. ნეტბუქი - საერთოდ არ დამჭირვებია ფიქრი იმაზე ვის დავუტოვებდი, ეს აქამდეც მქონდა ნათქვამი, ჩემი ნეტბუქი ლაშას. ვიცი სჭირდება და დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება ^^

2. აი პოდი - მახსოვს რამდენიმე თვის წინ გუგა ამბობდა აიპოდის ყიდვა მინდაო, ჰოდა ჩემსას დავუტოვებ მემკვიდრეობით :დ სანამ იყიდის გამოადგება. ისე მანამდე ამის დატოვებას ანასთვის ვაპირები მაგრამ ანამ უკვე იყიდა ^^

3. მობილური ტელეფონი - ცოტა ფიქრი დამჭირდა ვისთვის მეჩუქებინა ჩემი ტელეფონი და მერე გამახსენდა რომ ჩემი დის - ანნას ტელეფონი ცოტათი დანგრეულია :დ ამიტომ მას ვაჩუქებ ჩემ არანაკლებად დანგრეულ ტელეფონს :დ

4. ჩემი ექაუნთები - როგორც ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანს დედამიწაზე და ამავდროულად ჩემ მესაიდუმლეს - სიყვარულოვნას ვუტოვებ ყველა სოც. ქსელის ექაუნთს  :დ მაინც ყველაფერი იცის და არამგონია რაიმე ახალი გაიგოს :დ

5. ბლოგი - ჩემს ბლოგს მარიამს დავუტოვებ, მზრუნველი ბავშვია ეგ და ვიცი მიმხედავს, არ დამიტოვებს თემუჩინის ბლოგს უპატრონოდ <3

6. მაისურები -  ამ პუნქტის ჩამატება ფორთოხლის გოგონამ გადამაწყვეტინა, ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის რა კარგი მაისური გაცვიაო :დ ჰოდა ფორთო შენი იყოს ეს მაისურები ყველა :დ

7. წიგნები - ოდნავ დავფიქრდი თუ არა ეგრევე ამომიტივტივდა ერთი საყვარელი არსება თავში ^^ ჩემი დედობილი - ალუკარდი ^^ მას ვუტოვებ წიგნებს :დ

ასე და ამგვარად მორჩა ჩემი ანდერძი, კიდე თუ რამე ნივთი გამახსენდა არ მივამატე ჩემ პირად ქონებას ალბათ დავააფდეითებ ამ პოსტს :დ

4/21/2012

სატანისტური "იმედი"

მერე რა, რომ ათასწლეულები გავიდა 21-ე საუკუნის ადამიანს მაინც ძლიერად უყვარს "პური და სანახაობა" ისევე როგორც, - ქრისტესშობამდელ რომში...
პური მეტნაკლებად აღარ ჭირს, გლადიატორების ბრძოლა კი ნოდარიკო მელაძემ ჩაგვინაცვლა. მასზეა ნათქვამი "რეიტინგი აჩვენე და ყველაფრის კადრებას გიჩვენებსო"

უკვე მეორედ ვწერ ნოდარიკოს გადაცემის შესახებ და აღარ ვთვლი საჭიროდ ავხსნა რას ემსახურება იგი. ვერც ვიფიქრებდი თუ ასე ზედმიწევნით მეორე პოსტს მივუძღვნიდი მსოფლიო ჟურნალისტიკის შავ ლაქას, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მეგონა მასაც ეშველებოდა, შევცდი...

მთელი გადაცემა იყო ერთი დიდი დეზინფორმაცია და არაფერი სხვა, რაც ემსახურებოდა სუბკულტურების როგორც "მტრის" ხატის შექმნას. გადაცემამ გადააბიჯა ყველანაირ ჟურნალისტურ ეთიკას, დაარღვია ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა და ადგილი ჰქონდა ცილისწამებას.

პირველი ტყუილის ავტორი, გადაცემის ანონიმური სტუმარი ქალბატონი იყო, რომელმაც ერთ-ერთი ქართველი ბლოგერი დაადანაშაულა ნეოფრომალთა დაჯგუფების წევრობაში. რეალურად კი გოგონას უბრალოდ რამდენიმე პოსტი ჰქონდა დაწერილი მათ შესახებ.

გადაცემაში გამოყენებული იქნა ქართველი როკ/მეტალ მუსიკის მოყვარული თინეიჯერების სურათები და ისინი შერაცხულები იყვნენ სექტის წევრებად. სურათები გამოიყენეს მათზე გამოსახული ადამიანების ნებართვის გარეშე, ზოგ მათგანს არარეალური სატანური სექტის მეთაურობა "შეტენეს" ზოგსაც ცხოველების მსხვერპლეწირვაში მონაწილეობა.

ორი დღეა ვაკვირდები "ფეისბუქზე" დადებულ პოსტებს და აი რა შინაარსის წერილები ამოვიკითხე კონკრეტულად ფოტოზე გამოსახული ადამიანებისა და მათი მეგობრებისგან:

"არავარ სატანისტი! ცხოვრებაში რაც სურათი გადამიღია, თითქმის ყველა აჩვენეს და რაღაცებს მაბრალებენ"

"ამათმა ფული "გააკეთეს" და ჩვენ ვიჭყლიტებით"

"ამ გადაცემამ ლამის ჩვენი მკვლელობა შეუკვეთა"

"კიდევ კარგი ჩემ სურათებს, ფეიბუქზე მხოლოდ "ფრენდები" ხედავენ, თორემ ჩემსასაც აიღებდნენ და რაიმეს "შემომტენიდნენ""

"ამ გადაცემის მერე სახლიდან როგორ გავიდე? ხომ შეიძლება ვინმემ ჩამქოლოს :|"

"ჩემი უამრავი მეგობრის სურათი აჩვენეს... ფრთხილად იყავით ბავშვებო, მეშინია ჩემ მეგობრებს რაიმე არ შეემთხვეთ :( "

მათი უმეტესობა საკმაოდ დაბნეული და შეშინებულია, ბევრმა მისცა მათ რჩევა ეჩივლათ თუმცა ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. ჩემი აზრით ამ დროს სახალხო დამცველის აპარატმა ან სხვა ორგანომ უნდა გაუწიოს დახმარება მათ, თუნდაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გააცნოთ თავიანთი უფლებები, რა დარღვევები მოხდა კონკრეტულად და რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ახალგაზრებს თავის დასაცავად.

შეიძლება მართლაც არსებობენ ადამიანები რომლებიც რაღაც რიტუალებს ატარებენ და მკვლელობებსაც სჩადიან თუმცა ესენი არ არიან ისინი ვისი სურათებიც სიუჟეტში იყო ნაჩვენები და არც არცერთი სუბკულტურა არ ითხოვს მსხვერპლშეწირვას. 

გადაცემაში ყველაზე მეტად 3 "ემოს" გამოჩენამ გამაღიზიანა, მათმა ვიზუალმა დამაფიქრა ცოტა არ იყოს, არცერთი ემო მე მსგავსი მაკიაჟით არ მინახავს, ერთ-ერთი მათგანის იისფერი თმა კი აშკარად პარიკი იყო. ერთი შეხევით იმედის ვიზაჟისტების შეღებილებს ჰგავდნენ...

ამ ბავშვებთან მიმართებაში 2 ვერსი მაქვს:

1. იმედმა ფული გადაუხადა იმ სპექტაკლის დაგმისთვის რაც გუშინ ეთერში ვიხილეთ
2. არიან ეპატაჟზე ორიენტირებული, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით შეპყრობილი ბავშვები რომლებიც არცერთ სუბკულტურას არ განეკუთვნებიან.

სუბკულტურა არის იდეოლოგია, მსოფლხედვა და არა ვიზუალი.

აქვე ვიტყვი იმასაც რომ არცერთ სიუჟეტში სურათებად ნაჩვენებ ახალგაზრდას ამ სამთან კავშირი არ აქვს და მეტიც, არც კი უნახავთ ისინი. ერთ-ერთი ქართველი გოთის "ვოლზე" საინტერესო პოსტი შევნიშნე გუშინ ღამით:

"ეს სამი ტიპი ვინაა? სადმე გინახავთ? როკ კონცერტზე ან რაიმე ივენთზე? და საერთოდაც ეს არასრულწლოვანი გოთი, ემო, პანკი და ა.შ საიდდან მოიტანეს? იცნობთ ვინმე ეგეთს? რა სექტები? ვინ არიან საერთოდ? ან სად არიან არცერთს რომ არ გვინახავს?"

სანამ პოსტი დასრულდება მინდა ერთი სკრინშოტი გაჩვენოთ, რომელზეც კარგად ჩანს რა გააკეთა ამ გადაცემის ჯგუფმა სკანდალისთვის.
მარცხნივ თქვენ ხედავთ იმას რაც იმედმა აჩვენა, მარჯვნივ კი იგივე სურათის რეალურ სახეს, მანამ სანამ ნოდარიკოს კოლექტივი დაამუშავებდა "ფოტოშოპში".

პოსტის წერისას ერთი ჩემი საყვარელი ფრაზა გამახსენდა: "Don't Feed The Trolls" 
მიკვირს აქამდე რატომ არ გავითვალისწინე... მორჩა! სამუდამო იგნორი ჩემგან, ტელეიმედს, იმ "ფიდბექის" ღირსებიც არ არიან რაც მე გავუკეთე.
მიმიფურთხებია ასეთი ჟურნალისტიკისთვის და ჟურნალისტებისთვისაც!

4/09/2012

ტრანსსექსუალური ომები

მიუხედავად იმისა, რომ "ლგბტ friendly" ადამიანი ვარ, არასოდეს გამჩენია სურვილი ამ თემაზე დამეწერა, მითუმეტეს იმ შინაარსის პოსტი რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი.
"ღმერთია მოწმე, არ მინდოდა! თქვენ მაიძულეთ..."
დაახლოებით 1 კვირის წინ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე კოსტავს ქუჩას ჩაფიქრებული მივუყვებოდი, ამ დროს ორი გოგონა გამომეცხადა(სავარაუოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები) გამაჩერეს და მკითხეს რას ვფიქრობდი ნოდარ მელაძეზე, ბუნებრივია მისი ქება არ დამიწყია თუმცა არც ისე სასტიკად გამილანძღავს როგორც იმსახურებს, რასაც ახლა აშკარად ვნანობ.
ყველამ თუ არა, ალბათ მკითხველების უმეტესობამ მაინც უყურა 30 მარტს "100 გრადუს ცელსიუსს".
სადაც გადაცემის წამყვანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერს იკადრებს რეიტინგისთვის.
გადაცემის თემა ეხებოდა სექსუალურ უმცირესობებს, გადაცემის მიზანი კი ლგბტ პირების დისკრიმინაცია იყო.
გადაცემის განმავლობაში ნოდარ მელაძემ რამდენიმე მარგალიტური ფრაზა წამოროშა

1."რა დატვირთვა აქვს ფილმს სადაც არის ასახული ტრანსსექსუალის და ქართველის სიყვარული"
ცოტა უცნაური ფრაზაა, ადამიანს ტრანსექსუალი ეროვნება შეიძლება ეგონოს.
კითხვა ნოდარ მელაძეს: არ შეიძლება ტრანსსექსუალი იყოს ქართველი?

2."რა მოეწონა კესარიაში ქართველ სპორტსმენს?"
წამყვანი სვამს მსგავს კითვას ღრმა ფილოსოფიური ტონით და კმაყოფილი სახით. იმას კი ვერ იაზრებს რომ შეურაცხყოფას აყენებს კონკრეტულ პიროვნებას.



გადაცემის ცოცხალი მარგალიტი - ლერი ბექაური
ყველას ახსოვს მისი ცნობილი ლოზუნგები ნანუკას შოუში რომელსაც ზურ.ჯიმ პოსტიც კი მიუძღვნა.

"ყველას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია" - უკაცრავად ბატონო ლერი მაგრამ მსგავს რაღაცებს ადამიანები ვერ ირჩევენ, ეს მათდაუნებურად ხდება.

ამ მარგალიტ პიროვნებას რამდენიმე დალაგებული ფრაზა კი ჰქონდა ვერ დავუკარგავთ.
"ყველას პატივი ვცეთ თავისი მეობიდან გამომდინარე"
ცოტა ალოგიკური გადასვლაა თუმცა ამ ფრაზამ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები და მისი ცნობილი გამოსვლა გამახსენა "I Have A Dream"

ვინ არის ლერი ბექაური?
ერთი უვიცი რომელიც ცდილობს თავი ინტელექტუალად წარმოაჩინოს მისი დამაჯერებელი ტონის ხარჯზე.

გადაცემა როგოროც კი დამთავრდა ფეისბუქზე დავპოსტე და ისევ გავიმეორებ:
"მე რომ სხვა ინფორმაცია არ მქონდეს ლგბტ პირებზე ამ 3 ადამიანის(ლერი, კესო, საბი) და გადაცემის წამყვანის საუბრებიდან გამომდინარე ჰომოფობი/ტრანსფობი გავხდებოდი."

კესო და საბი

გადაცემამ კულმინაციას პირველი ნაწილის ბოლო რამდენიმე წუთში მიაღწია, როცა სტუდიაში მეორე ქართველი ტრანსსექსუალი საბი გამოჩნდა.
დაიწყო ის რასაც ყველა ელოდა, ხელჩართული ბრძოლა იმის გასარკვევად ვინ უფრო მაგარი ქალია. დრო იყო ამაზე ბრძოლა კესოს სექსოსთან უწევდა ეხლა საბი გამოუჩნდა კონკურენტად.
ერთი რაღაც მაინტერესებს გულწრფელად, ქართული ლგბტ სივრცე ისედაც პატარაა, ქვეყანაში მძვინვარებს ტრანს/ჰომო ფობია და მიუხედავად ამ ყველაფრისა ეთერში ვხედავთ ორ ტრანსგენდერს რომელიც ერთმანეთს "ჭამს"? უცნაურია, იმის მაგივრად რომ ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ და დაიცვან უფლებები, ერთანეთის ლანძღვის ხარჯზე ცდილობენ მოიპოვონ პოპულარობა რეალურად კი მხოლოდ მასებს აღიზიანებენ.

რახან ლერი უკვე დავახასიათე გადაცემის დარჩენილ 2 მთავარ გმირსაც არ დავწყვიტავ გულს და ვიტყვი რამდენიმე სიტყვას მათზეც.



საბი
პატარა ბავშვი რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია ვერც საკუთარი გენდერული იდენტობა და ვერც სექსუალური ორიენტაცია.
ძალიან არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა როცა ტრანსსექსუალი უწოდეს და თქვა:
"მე ვარ ჰეტეროსექსუალი და არა ტრანსგენდერი"
საინტერესოა რა ლოგიკით დააკავშირა მან ეს ორი სრულიად განსხვავებული მცნება ერთანეთს როცა ტრანსგენდერობა არ არის სექსუალური ორიენტაცია. ტანსგენდერი თავის მხრივ შეიძლება იყოს ჰომო ბი ან ჰეტეროსექსუალი.



კესარია
ძალიან ლამაზი ტრანსსექსუალი ქალი, რომელსაც თვისი სილამაზე ღუპავს.
ჩემი აზრით ფულზე იყიდება და გადაცემებში მისი თითოეული სიტყვა სცენარისტების დაწერილია, სკანდალისა და რეიტინგისთვის. როგორც გადაცემიდან გავიგეთ აპირებს ბავშვი იყოლიოს. წარმატებას ვუსურვებ ამ საკითხში.

სანამ პოსტს დავასრულებ მინდა ქართველ წამყვანებს 2 მარტივი რჩევა მივცე რათა ნოდარიკო მელაძის ბედი არ გაიზიარონ და ფეისბუქზე ფალოსთან არ გააიგივონ.

1. როცა გადაცემას ამზადებთ კონკრეტულ თემატიკაზე, ერთი-ორი სტატია მაინც გადაიკითხეთ ამ თემასთან დაკავშირებით თუ აკადემიურ ნაშრომებზე ხელი არ მიგიწვდებათ

2. როცა სტუმარს იწვევთ სტუდიაში სცადეთ ის ამა თუ იმ საკითხში რაც შეიძლება მეტად გათვითცნობიერებული იყოს.

არსებობენ ჰომოსექსუალები/ტრანსგენდერები რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ და შეიგიძლიათ ისინი დასვათ ტელეეკრანის უკან და არა ისინი ვინც ხალხს არამარტო საკუთარი იდენტობით არამედ გაუნათლებლობითაც აღიზიანებს. პირადად ჩემთვის სულერთია ვინ არის კესო, სექსო, ლერი და საბი რეალურად. მე არ მაინტერესებს არც მათი გენდერული იდენტობა და არც სექსუალური ორიენტაცია უბრალოდ ისინი ჩემთვის ფულის მჭრელი მანქანები არიან ქართული ტელევიზიებისთვის. ბუნებრივია ამ საქმით შემოსავალი მათაც ექნებათ, ამას კი საკუთარი თავის უპატვცემულობის და დამცირების ფასად აკეთებენ. რაც თავისთავად ზიანს აყენებს ლგბტ თემს..

3/15/2012

ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას


აუცილებლად უნდა უჩივლო!

პატივისცემით:
თემუჩინი!

3/14/2012

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას


თქვენ ხართ საბჭოთა ეპოქაში ჩარჩენილი ძველბიჭურად მოაზროვნე ინდივიდები, რომლებიც ხელს უშლიან კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

პატივისცემით:
თემუჩინი!

თვითმმართველობას: ფორთოხლის გოგონას ღია წერილი, იბერიელის ღია წერილი, მანქის ღია წერილი, ან ნას ღია წერილი , კნუტის ღია წერილი , ლაშას ღია წერილი, ადოს ღია წერილი, ჯოშუას ღია წერილი, ფსევდოლიტერატორის ღია წერილი, თიკოს ღია წერილი, ზიჩის ღია წერილი, კროსკის ღია წერილი, პრაპორშჩიკის ღია წერილი, ემიგრანტის ღია წერილი, ნათის ღია წერილი, სიყვარულოვნას ღია წერილი, ბიოს ღია წერილი, აკუს ღია წერილი, კეტრინ მოლკოს ღია წერილი, გრიფინის ღია წერილი, ანესთეზირებულის ღია წერილი, მარიშკას ღია წერილი, სალომეს ღია წერილი, მარიეს ღია წერილი, ჯიჯღინას ღია წერილი, დავიდის ღია წერილი, კომისიას ღია წერილი, ალუკარდის ღია წერილი, ჯეკის ღია წერილი, თაკას ღია წერილი, ნოჩურას ღია წერილი, ანის ღია წერილი
ხალხს: რევაზის პოსტი, "ჩიტის" პოსტი, იბერიელის პოსტი, სიყვარულოვნას პოსტი, არაადეკვატურის პოსტი, გვანცას პოსტი

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons